,,მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოდლოვას შემთხვევაში ევროკავშირმა დაინახა მზაობა ძირეული რეფორმების გასატარებლად, რასაც საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირი ვერ ხედავს.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ევროკავშირში კარგად იციან, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და მათ ვერ მოვატყუებთ.
,,ევროკავშირის გაფართოების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა ომის გამო, დიახ, უკრაინას უთხრეს, გახდები წევრობის კანდიდატი, იმიტომ რომ ომში ხარო. 10 თავით ვასწრებთ მოლდოვასაც და უკრაინასაც ერთად აღებულს ასოცირების შეთანხმების შესრულებით, მაგრამ, დიახ, ჩვენ გაგვასწრო უკრაინამ, რადგან ომშია და ეს ომი არ არის უკრაინელების არჩევანი. უკრაინა არავის დასხმია თავს, უკრაინას დაესხნენ თავს. დიახ, ყველა ნორმალური ადამიანი ცდილობს, როგორც შეუძლია ისე გამოხატოს სოლიდარობა უკრაინისადმი და ეს არის ავანსად გაცემული სოლიდარობა, დამსახურებული სოლიდარობა უკრაინისადმი. მოლდოვას ვასწრებდით, მაგრამ ახლა გაგვასწო, რადგან ახალმა პრეზიდენტმა სახელმწიფო მოწყობის და პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური და ძირეული რეფორმები დაიწყო. ამ მზაობას ხედავენ ევროკავშირში.
და რას ხედავენ ჩვენთან? ხედავენ, რომ არ არის ,,ქართული ოცნება“ მზად, რომ დაიწყოს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები. ჩვენ თვითონ ვიცით, ვინ არის მურუსიძე, ის კაცი გამოდის და უტიფრად ამბობს, მე ვარ სასამართლოს ლიდერიო. მურუსიძე აჩემებული კი არ მყავს, მაგრამ გვახსოვს სანდრო გირგვლიანი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ წამებით ამოხადა სული და სწორედ გირგვლიანის მოსამართლე თქვენ დააწინაურეთ და გაამწესეთ სასამართლოს ლიდერად, უვადო მოსამართლე გახადეთ. მანახეთ, ერთი პროკურორი, რომელიც მაშინ საშინელებებს ჩადიოდა და თქვენ სამსახურიდან გაუშვით. მანახეთ ერთი მოსამართლე, რომელსაც ამ რაღაცეების გამო პასუხი აგებინეთ. ეს არის თქვენი რეფორმა? თუ რომ ეტყვით, ოთხი ტალღა გვქონდაო, დაიჯერებენ ევროპელები? თუ ჩრდილო კორეაში ვცხოვრობთ, რომ აქ რასაც ვიტყვით ვერ გაიგონებენ? ძალიან კარგად იციან, რომ ვატყუებთ და არანაირი სასამართლო დამოუკიდებლობა არ გვაქვს“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.