დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გოცირიძის მეტრო აგვისტოს ბოლოს გაიხსნება და მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება. მისივე თქმით, ამ სადგურთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც იყო.
,,მართლაც პრობლემები იყო ამ სადგურთან დაკავშირებით. ზოგადად მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანიები ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს და მეორე, არანაირი სურვილი არ აქვს კომუნიკაციებს, ჩაერთონ ამ სამუშაოებში, რადგან ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის მძიმე ფაქტი, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, როდესაც ჭერი ჩამოინგრა, ამის შემდეგ არ ვიცი, კომპანიებს ეშინიათ თუ რა არის მიზეზი, სურვილი არ აქვთ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა. გოცირიძის მეტროში დავიწყეთ სამუშაოები და სხვა რეალობა აღმოჩნდა. ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო იყო ახალი ბაქნის გაკეთება, ამან გარკვეული დრო წაიღო. თუმცა სამუშაოები ახლა აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულებულიყო და კომპანიამ მოითხოვა აგვისტოს ბოლომდე ვადის გადაწევა, აგვისტოს ბოლოს გოცირიძის მეტრო გაიხსნება და სექტემბრიდან მგზავრებს მოემსახურება“ _ განაცხადა კახა კალაძემ.