,,ვინც ჩვენს მიერ წარმოდგენილ სამ პუნქტს აკრიტიკებს, საპირისპირო უნდა დაგვიმტკიცოს“ _ ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი იმ სამი პუნქტის შესრულება, რომელზედაც ,,მოქალაქეებისა“ და ,,გირჩის“ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, სადაც ისინი პოლარიზაციის დასრულებისა და ევროკავშირის სტატუსის მიღების მიზნით პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამის მისაღწევად კი, საარჩევნო ბარიერის დაწევას, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ასახელებენ.
,,ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვხედავთ გამოსავალს. ჩვენ ვერ ვხედავთ გამოსავალს სექტემბერში დაანონსებულ აქციებში, ვერც იმ პარალელურ პროცესში, რომლითაც ოპოზიციის ნაწილი 12 პუნქტის შესრულების შესაძლებლობას აზიანებს. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ვფიქრობ შედეგს მივაღწევთ. ჩამოთვლილი პუნქტებიდან არცერთი ჩვენგან არ გაგიგიათ პირველად, უამრავი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი დიდი ხანია ამაზე საუბრობს.
პირველი, სადაო არ არის, რომ დაბალი ბარიერი არის წინაპირობა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი შედგეს და მივიღოთ გარემო, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა გადალახოს ბარიერი და მათი ხმა პარლამენტში ისმოდეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით და დაბალი ბარიერით.
მეორე, მიხეილ სააკაშვილის შვილისა და ადვოკატების პირიდან გავიგეთ, რომ მას პოლიტიკიდან გასვლის სურვილი აქვს. ვფიქრობ, მას უნდა დავეხმაროთ ამაში. სააკაშვილმა უნდა დატოვოს პოლიტიკა და ის აღარ უნდა იყოს საყრდენი ,,ქართული ოცნებისთვის“ შემდგომ არჩევნებში გამარჯვებისთვის, ის არ უნდა იყოს მტრის ხატი, რომელზეც ,,ქართული ოცნება“ ააგებს მთელ კამპანიას. ეს იქნება ასევე თავის დაზღვევა იმ სირცხვილისგან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ფატალური შედეგი მოჰყვეს.
მესამე, ყველა ვთანხმდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკისგან შორს არ დგას. ვთვლი, რომ ადამიანი, თუ იღებს გადაწყვეტილებებს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობაც და დაბრუნდეს პოლიტიკაში.
ამაზე უფრო გასაგები და ლოგიკური ტექსტი რა უნდა ყოფილიყო ჩვენი მხრიდან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა მხრიდან მოვისმინეთ კრიტიკა. მაგრამ ვინც ამ სამ პუნქტს აკრიტიკებს, მაშინ საპირისპირო უნდა დაგვიმტკიცოს - რატომ არის კარგი, რომ ბიძინა ივანიშვილი კულუარულად იღებდეს გადაწყვეტილებებს, რატომ არის კარგი, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის გამო პრობლემები შეექმნას, და რატომ არის კარგი, ამ ქვეყანაში იყოს მაღალი ბარიერი მომავალი არჩევნებისთვის. ველოდები საჯაროდ მათ პასუხებს, ვინც ამაზე კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამს" _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.