ბადრი ჯაფარიძე ,,ლელოს“ მიერ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის აღნიშნავს, მათი მოთხოვნა, დაწესდეს კონტროლი რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ტურისტების შემოდინებას არ უკავშირდება.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, უვიზო რეჟიმი საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით დარჩნენ, ტურისტული მიზნით შემოსული ადამიანები კი 360 დღით არ რჩებიან.
,,დღეს უვიზოდ საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია 360 დღით, ანუ პრაქტიკულად განუსაზღვრელად. ტურისტები საქართველოში 360 დღით არ შემოდიან, ისინი შემოდიან 2 კვირით, ან მაქსიმუმ ერთი თვით. შესაბამისად, ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ტურისტების შემოდინებასთან კავშირში არაა, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეს პროცესი გახდეს მართული. მართული იმისთვის, რომ არ გაიზარდოს ქვეყნის რისკები რუსეთიდან შემოსული ადამიანების შემოდინების ზრდასთან ერთად. აქ საუბარია პროცესების მართვაზე უკეთესად, ვიდრე დღეს არის. არანაირი აუცილებლობა არ არის იყოს უვიზო რეჟიმი 360 დღიანი, ანუ განუსაზღვრელი, ადამიანი, რომელიც შემოდის და ერთი წელი რჩება ქვეყანაში, ეს უკვე არ არის ტურისტი. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ აფერხებს ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პროცესებს ხდის მართვადს, შესაბამისად, ის, რისი ლეგიტიმური შიშიც აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ეს უვიზო რეჟიმი რეგიონში მიმდინარე სისხლის მღვრელი რეჟიმის ფონზე არ იქნეს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს შიში იქნეს ასახული შესაბამის ნაბიჯებში და ეს ნაბიჯები უნდა იყოს სწორედ რეგულირება იმ ნაკადის, რომელიც გაიზარდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაში“ _ განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.