„ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე რუსულ ენაზე გამოვიდა დავით არახამია და არავის რეაქცია არ ჰქონია. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ სირცხვილია რიგითი ადამიანი თუ რუსულად ესაუბრება რუს ტურისტს და ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს თუ რა ენაზე ისაუბრებს.
,,რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ. ნაცმოძრაობის მიტინგი იყო, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია, მეც არ მქონია რეაქცია, იმაზე არ გქონიათ რეაქცია, და ახლა თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი. ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უზოგადეს პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართალს და ყველაფერს. მოგიწოდებთ, ნუ გახდებით ამ შოვინისტური კამპანიის ნაწილი“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.