,,რუსეთის მოქალაქეების ამ რაოდენობით შემოსვლა შიშს იწვევს და ეს შიში ლეგიტიმურია... ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი მთავრობისგან“ _ ლევან იოსელიანი
მნიშვნელოვანია, რომ დამაჯერებელი პასუხი მიიღონ მოქალაქეებმა, ვისაც აქვს შიში ასეთი რაოდენობის რუსი ტურისტების შემოსვლა ხომ არ შეიცავს რაღაც საფრთხეებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების შიში ლეგიტიმურია, რადგან ქვეყანაში შემოსულთაგან ზოგიერთი შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას იზიარებდეს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, განსხვავებულის მიმართ მიუღებლობა ჩვენს ეროვნულ იდენტობას არ შეესაბამება, შესაბამისად, მსგავსი შეფასებები გადაჭარბებულია.
,,ქსენოფობია ყველამ ვიცით რაც არის, ეს არის შიში უცხოს, განსხვავებულის მიმართ. თუ რამე არ გვახასიათებს ქართველებს და არ არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, ეს არის განსხვავებულის მიმართ შიში, სიტყვაც კი გვაქვს - ,,საუცხოო“, რაც განსაკუთრებულად კარგს ნიშნავს. ჩვენ როგორც არ უნდა ვისაუბროთ ქსენოფობიაზე, ყველაზე კონსერვატორი ქართველიც კი ვერ იქნება ქსენოფობი, ეს წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან, იმასთან, რითიც ვართ განთქმულები - სტუმართმოყვარეობით. ამიტომ გადაჭარბებული მგონია ასეთი შეფასებები.
არ ვარ მომხრე, რომ ტურისტები ეთნიკური ნიშნით გავარჩიოთ, მაგრამ კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ხედავენ რუსეთის ამ რაოდენობის მოქალაქეებს. ეს გარკვეულ შიშებს იწვევს, რასაც მთავრობისგან ადეკვატური პასუხი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ დამაჯერებელი პასუხი მიიღონ მოქალაქეებმა, ვისაც აქვს შიში ასეთი რაოდენობის რუსი ტურისტების შემოსვლა ხომ არ შეიცავს რაღაც საფრთხეებს. ეს შიში არის ლეგიტიმური, რადგან ქვეყანა, საიდანაც ისინი შემოდიან ოკუპანტი ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს აგრესიული პოლიტიკა და არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ამ პოლიტიკას იზიარებენ. შესაბამისმა ორგანოებმა ასეთი რისკებისგან უნდა დააზღვიოს ქვეყანა.
ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების გადაჭარბებულად დაზაფვრის მომხრეც არ ვარ. ისიც კარგად მესმის, რომ ამ ტურისტების წყალობით კონკრეტული ადამიანები მათ ყოველდღიურობას იუმჯობესებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ეს შემოსავალი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მათ პირად ცხოვრებაში ასე უხეშად ჩავერიოთ, ვიღაცის მასპინძლობა ავუკრძალოთ, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის საფრთხის მატარებელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის. ეს არის ხაზი, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას სახელმწიფომ, იმის იქით ყველას აქვს უფლება, ნებისმიერი ეროვნების სტუმარს უმასპინძლოს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.