ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რუს ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლას მოუწოდებდნენ, ახლა კი იგივე ძალა მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს.
,,ტურიზმი არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ახდენს. ტურიზმის შედეგად მიღებული შემოსავლები აისახება ჩვენს ბევრ მოსახლეზე, ბევრი ადამიანი არის ტურიზმის ინდუსტრიაში ამა თუ იმ ფორმით დასაქმებული. შესაბამისად, ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ჩვენ რიცხვებს არ მოვიშველიებთ ხოლმე და ვსაუბრობთ უბრალოდ შეგრძნებებზე და აღქმებზე. 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა დღეს საქართველოში შემცირებულია ასევე რაოდენობა ტურისტების სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გარკვეული ალტერნატივები შევქმნათ და კომპენსირება მოვახდინოთ დანაკარგების და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები, რათა ტურიზმში დადებითი დინამიკა გვქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ბევრ ფენას და მათ შემოსავალს პირდაპირ უკავშირდება.
თქვენ ხომ გახსოვთ კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდნენ რუს ტურისტებს შემოდითო და თვითონ ხვდებოდნენ საზღვარზე. შეუთავსებელი რაღაცეებია, იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც კიდევ ერთხელ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს“ _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.