ზაფხულის განმავლობაში რეკორდულად მაღალი სიცხისგან გამოწვეულ ხანძართან ბრძოლა ევროპის არაერთ ქვეყანას მოუწია. საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე სახლი სრულიად გაანადგურა, 10 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ხანძრის მასშტაბისა და აგრესიულობის გათვალისწინებით, მეხანძრე-მაშველებმა მას ,,გოლიათი მონსტრი“ შეარქვეს.
ხანძარს, რომელმაც უკვე 7 000 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გაანადგურა, 1000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აფერხებს.
აღსანიშნავია ასევე, რომ პორტუგალიასა და ესპანეთში უკიდურესად მაღალი სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დიდ ბრიტანეთში მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ, რომელიც მომდევნო ოთხ დღეში 37 გრადუსს მიაღწევს. საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში კი 39 გრადუსს პროგნოზირებენ.