არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე იმ ჩვილების ისტორიებს ყვება, რომლებიც, სავარაუდოდ, სამშობიაროდან მშობლების ნებართვის გარეშე გაყიდეს. როგორც მუსერიძე ამბობს, სამშობიაროებში არსებობდა ექიმების და ექთნების ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ და ჩვილებს სამშობიაროდანვე ჰყიდდნენ, მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილები ცოცხლები აღარ იყვნენ. მისივე თქმით, სამშობიაროებში უკვე ინახებოდა გარდაცვლილი ბაშვები, რომლებსაც მშობლებს ანახებდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი შვილი იყო. საქმე ეხება დაახლოებით 1980-დან 2005 წლამდე პერიოდს.
მუსერიძის თქმით, ხანგრძლივი ძიების შედეგად უკვე არაერთმა მშობელმა იპოვა თავისი ბიოლოგიური შვილი, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში გარდაცვლილად თვლიდნენ.
,,ვეძებ“-ის დამფუძნებელმა და ჯგუფის სხვა მოდერატორებმა სამართალდამცავებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რაც მათ ორი წლის განმავლობაში დაუგროვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.