,,ეს ის თემაა, რამაც უსაფრთხოების რისკების გარდა, ყოფითი პრობლემებიც წარმოშვა“ _ ლევან იოსელიანი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფაქტმა უსაფრხოების რისკების გარდა, მოსახლეობას ყოფითი პრობლემებიც შეუქმნა.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო დახმარებისთვის მას უამრავი ადამიანი მიმართავს.
,,ეს ის თემაა, რომელიც უამრავ მოქალაქეს აწუხებს და რამაც უსაფრთხოების რისკების გარდა, ყოფითი პრობლემებიც წარმოშვა ჩვენს გარშემო. რუსეთის მოქალაქეები ქირაობენ ბინებს, მერე არ იხდიან ბინის გადასახადს, ამ ადამიანებს უწევთ სასამართლოში მისვლა, სადაც პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მე, როგორც ყოფილ ადვოკატს, დღესაც უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, როგორ გაიყვანონ ბინიდან რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც მათ თანხა არ გადაუხადეს. პატრული მათ დახმარებაზე უარს ეუბნება, რადგან ეს არ არის პატრულის კომპეტენცია, უნდა მიმართონ სასამართლოს. ეს პრობლემები წარმოიშვა მათი შემოსვლის გამო, ამას დაემატა ის, რომ ბინების ფასები გაორმაგდა. და ამ ყველაფრის გამო ვინ იჩაგრება? ისევ ჩვენი მოქალაქეები.
გარდა ამისა, ათასობით ბიზნესი დაფუძნდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ, ბუნდოვანია, რას აპირებენ ისინი მომავალში. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხომ ჩვენს უსაფრთხოებამდე მიდის. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ რომელიმე სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე, შეიძლება ასე არ გვენერვიულა, მაგრამ ესენი მტრული სახელმწიფოდან შემოსული ადამიანები არიან. მათ არაფერს ვერჩი, რა თქმა უნდა, ეთნიკური ნიშნით ადამიანებს არ ვანსხვავებ, მაგრამ ხომ არ არის გამორიცხული, რომ მათ საფარქვეშ შემოსული იყოს აგენტურა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რაღაცის არევას ცდილობს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოსული რუსი ტურისტების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნულოვანი სტატისტიკაა. მისივე თქმით, სუს-ი შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, არასასურველი სტუმრების გაფილტვრას მაქსიმალურად ცდილობს.
,,ნუ აჰყვებით პანიკას, თუ ვინმეს აგენტის შემოგზავნა უნდა ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება“ _ აღნიშნა ლილუაშვილმა.
სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს 2021 წლის ანგარიში გააცნო. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.