,,გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების დანერგვა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, ასეთი სისტემა არცევნების მიმართ ნდობას გაზრდის.
,,ვფიქრო, ყველა ვთანხმდებით, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს სისტემა თუ დაინერგება, არჩევნების მიმართ ნდობა გაიზრდება და საუბარი აღარ იქნება იმაზე, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები. პრობლემების შექმნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მასშტაბური პრობლემები არ იქნება. მგონია, რომ არჩევნების მიმართ პრეტენზია აღარ იქნება“ _ აღნიშნავს რაქვიაშვილი.
დღეს ,,ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგიატრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგება. მისივე თქმით, ელექტრონულად ხმის მიცემის დანერგვა უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო უბნების ხმის მიცემის აპარატურით აღჭურვისათვის.