,,პარტია ,,მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ყველაზე რთულად სამუშაო პროცესი სასამართლოსთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან მიდის. მისი თქმით, ამ ჯგუფში მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება ყველაზე ნაკლებად ხდება.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესის ცვლილებაა, რისი მზაობაც მმართველი გუნდის მხრიდან არ არსებობს.
,,სამუშაო ჯგუფი აგრძელებს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის ის ჯგუფი, სადაც ყველაზე რთულად მიდის პროცესები და ყველაზე ნაკლებად ხდება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება. მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესის ცვლილებაში, რაზეც მმართველი პარტია თვლის, რომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც შევთავაზეთ, რომ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თუ თვლიან, რომ ეს ცვლილებები სჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, ასეთი ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნას ისინი არ აპირებენ. ზოგადად, პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს მმართველ პარტიას სასამართლოსთან მიმართებაში, მარტივია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიციაც ვემხრობით, აშშ საელჩოს რეკომენდაციებიც ემხრობა და წარმოდგენილია ამ რეკომენდაციებში, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუმცა, ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავ. სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ ჯგუფში ხელშესახები პროგრესის მოლოდინი არ არის. თუმცა, სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.