,,როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი, რაც ,,ქართულ ოცნებას“ არაფრით ეთმობა - სასამართლოა“_ ალეკო ელისაშვილი
მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში საქმე უფრო რთულად მიდის, ვიდრე სხვა ჯგუფებში. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ,,ქართული ოცნებისთვის“ დიდი კომფორტია, როდესაც სასამართლო მის ხელშია და სწორედ ეს ბერკეტი არ ეთმობა მას, რაც მოსალოდნელი იყო.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ის, რომ მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფში პროცესი რთულად მიმდინარეობს, იმას ადასტურებს, რომ ეს საკითხი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და დამოუკიდებელი სასამართლოს მოსაპოვებლად განსაკუთრებული ბრძოლაა საჭირო.
,,სხვა სამუშაო ჯგუფებში საქმე უკეთესად მიდის, ვიდრე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ჯგუფში. მაგალითად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფში, სადაც მე ვერთვები, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, ასევე სხვა ბევრი მიმართულებით გვაქვს წინსვლა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი, რაც ,,ქართულ ოცნებას“ არაფრით ეთმობა, ეს სასამართლოა. მოსალოდნელი იყო, რომ აქ საქმე რთულად წავიდოდა. ამ სამუშაო ჯგუფში ჩვენი პარტიიდან ლევან იოსელიანი ერთვება, ამიტომ მე დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თუმცა, ის, რაც ვიცი არის, რომ ,,ქართული ოცნება“ ნაკლებად ითვალისწინებს იმას, რასაც ოპოზიცია სთავაზობს. ამის მიზეზი მარტივია, ,,ქართული ოცნება“ ვერ თმობს სასამართლოს, რადგან ძალიან დიდი კომფორტია ხელისუფლებისთვის, როდესაც სასამართლო მის ხელშია. ეს ხელისუფლებისთვის ერთგვარი ბერკეტია, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია - შეუძლია დააკავოს ადამიანი ან პირიქით, დასაკავებელი გაათავისუფლოს. სწორედ ეს ბერკეტი არ ეთმობა ხელისუფლებას, რაც მოსალოდნელი იყო. ამგვარად, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში შედარებით მძიმედ მიდის საქმე, ვიდრე ხვა სამუშაო ჯგუფებში. მაგრამ, იმისთვის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, უნდა ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ დამოუკიდებელი სასამართლო. ის, რომ პროცესები რთულად მიდის, სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული ბრძოლა და შრომა სჭირდება“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.