,,სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ დამატებითი კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს, ვინ ვის შეუთანხმდა, ვინ ვისთან გარიგდა“ _ ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანის განცხადებით, ,,მოქალაქეების“ ინიციატივას სახალხო დამცველის არჩევის წესის ღიაობასთან დაკავშირებით ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან მისი თქმით, ფარული წესით არჩევა დამატებით კითხვის ნიშნებს გამოიწვევს. როგორც იგი განმარტავს, კანდიდატის ასარჩევად მხოლოდ მმართველი გუნდის ხმები საკმარისი არ იქნება, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფარული გარიგების შესაძლებლობას გააჩენს.
დეპუტატის განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს გარდა, ფარული წესით სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ხდება, რამაც ნათლად უნდა დაგვანახოს იმის საჭიროება, რომ ეს წესი შესაცვლელია.
,,ჩვენ დავაინიცირეთ ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილია, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი შეიცვალოს და გახდეს ღია. ოპოზიციიდან რამდენიმე ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს, რადგან მხოლოდ მმართველი გუნდის ხმები ამისთვის საკმარისი არ იქნება, სახალხო დამცველის არჩევისთვის აუცილებელია ოპოზიციის და მმართველი პარტიის შეთანხმება, ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ ამან არ გამოიწვიოს დამატებითი კითხვის ნიშნები - ვინ ვის შეუთანხმდა, ვინ ვისთან გარიგდა.
ზოგადად, ჩემი აზრია, რომ პოლიტიკოსი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბარს არ უნდა ერიდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული პასუხი კითხვებზე, თუ ვის და რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი პოლიტიკოსი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
სანამ საკითხს დავაინიცირებდი, დავინტერესდი და შევისწავლე საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ არის ეს საკითხი დარეგულირებული სხვა ქვეყნებში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გარდა, ფარული წესით სახალხო დამცველის არჩევა ხდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ, ამიტომ უნდა ავიღოთ ის გამოცდილება, რომელიც აქვს ევროპის ქვეყნებს, სადაც სახალხო დამცველის არჩევა არის ღია. ამას აქვს თავისი საფუძველი და საფუძვლად უდევს პარიზის პრინციპები, რომელიც გულისხმობს არასასამართლო ინსტიტუციური სისტემების განვითარებას და ამ სისტემების მაქსიმალურად გამჭვირვალობას. სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის კონსტიტუციური ორგანო და ის უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ეს არის მთავარი არგუმენტი იმისა, რატომაც დავაინიცირეთ ეს ცვლილებები. ის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს პარლამენტში და რომელმაც უნდა უზრუნველყოს 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შესრულება, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ გააჩინოს კითხვის ნიშნები არც უმრავლესობაში, არც ოპოზიციაში და, რაც მთავარია, არც საზოგადოებაში“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.