,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება არავითარი კუთხით არ განიხილება.
მისი თქმით, აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები ქვეყნისთვის საფრთხეს ქმნიდნენ, უსაფუძვლო და ყალბი აღმოჩნდა. როგორც კობახიძემ განმარტა, ხელისუფლება ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს.
„ორჯერ იყო აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ვითარებას ბოლომდე ვაკონტროლებთ.
ზოგადად, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს. ომი ნახევარ წელზე მეტია გრძელდება და ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება“ _ აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. პრეზიდენტის დადგენილების თანახმად, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.