,,დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ესენი არიან კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, ე.წ. დეზერტირები“ _ ლევან იოსელიანი რუსეთის მოქალაქეებზე
დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ესენი არიან კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, რომლებიც იქ სამხედრო სამსახურს არიდებენ თავს, ე.წ. დეზერტირები და მათ უნდათ, საქართველოში აარიდონ თავი თავიანთ სამხედრო სამსახურს. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინასწარ არავინ იცის, თუ რა გეგმები აქვთ მათ მომავალში.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, დედაქალაქში საცობების პრობლემაც რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლას უკავშირდება და თუ ხელისუფლება ყველას შემოუშვებს, ვინც ომს გამოექცევა, ქვეყანაში ქართველების ადგილი აღარ იქნება.
,,ყოველთვის ვთვლიდი, რომ ტურისტების ეთნიკური ნიშნით გარჩევა არ არის სწორი, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ესენი არიან კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, რომლებიც იქ სამხედრო სამსახურს არიდებენ თავს, ე.წ. დეზერტირები და მათ უნდათ, საქართველოში აარიდონ თავი თავიანთ სამხედრო სამსახურს. წინასწარ არ ვიცით, რომ ეს ხალხი კეთილგანწყობილები არიან საქართველოს მიმართ, არ ვიცით, რომ ისინი საერთოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. გარდა იმისა, რომ დღეს მათ უნდათ თავიანთი პრობლემა მოიგვარონ და თავი აარიდონ გაწვევას, არ ვიცით, მერე რა გეგმები აქვთ მათ. ეს რომ 100 და 200 კაცი იყოს, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როცა 70 00 ადამიანზეა საუბარი და აქედან 16 000 საქართველოში დარჩა, ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელია და სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემოშვების ფილტრაცია მოხდეს. ეს ადამიანები შემოდიან სტიქიურად, საბუთში ურტყამენ შემოსვლის ვიზას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არც ჩვენს სპეცსამსახურებს და არც მებაჟეებს არ აქვთ. შეუძლებელია, ყველა მათგანის უსაფრთხოების ფილტრში გატარება მაშინ, როცა ამხელა ნაკადთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების შემოშვება რაღაც პერიოდით უნდა შეჩერდეს და შემდეგ სახელმწიფომ მოიფიქროს მექანიზმი, როგორ მოახდენს მათ გაფილტვრას.
ეს სამართლიან აღშფოთებას იწვევს, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა საცობების პრობლემას სწორედ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლას უკავშირებს. დედაქალაქს რომ დაემატება, 16 და 20 ათასი კაცი, რომელიც აქტიურია და მოძრაობს, ეს თავისთავად გადაადგილების პრობლემას შექმნის. საბოლოოდ, ჩვენი ხალხის დისკომფორტის ხარჯზე ხდება მათი შემოსვლა. ვინმე გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ ადამიანებისგან ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება? ამის დამაჯერებელი არგუმენტი ჩვენ მოვისმინეთ? მარტო ამ ბოლო დღეებში, 25 სექტემბერს 11 000 კაცი შემოვიდა, ხოლო 26 სექტემბერს - 10 000. 24 საათში 10 000 კაცის შემოწმება ხომ წარმოუდგენელია, განა რამდენი დრო უნდა დაუთმო ერთი ადამიანის შემოწმებას?
საზღვრის სრულად ჩაკეტვას არ ვემხრობი, რადგან ამით შეიძლება დააზარალო ის ხალხი, ვინც ნამდვილად გამოურბის სიკვდილს. მე ვემხრობი ამ ადამიანების შემოწმებას. ნუ შემოვა ერთ დღეში 10 000 კაცი, შემოვიდეს 1 000 კაცი და ეს 1 000 კაცი იყოს მაქსიმალურად შემოწმებული და უნდა ვიყოთ დაზღვეული, რომ ისინი რაიმე პრობლემის იმპორტს არ ახდენენ ჩვენ ქვეყანაში. პატარა ქვეყანა ვართ და რუსეთში იმდენი ხალხი ცხოვრობს, ყველას თუ შემოვუშვებთ, ვინც ომს გამოექცევა, ქართველების ადგილი აღარ იქნება. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რამდენ კაცს ვუშვებთ. რაღაც პერიოდის შემდეგ 1 მილიონი კაცი რომ შემოვიდეს, დაახლოებით ამდენი ვართ ჩვენც და ეს ნორმალურია? ჩვენს ქვეყანას ეს საფრთხეს არ შეუქმნის?“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.