ლევან იოსელიანი ოდირი-ს წარმომადგენლებს შეხვდა
ძირითადად საუბარი შეეხო პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდთან. ამის შესახებ ,,მოქალაქეების ლიდერმა ლევან იოსელიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე არჩევნებთან და არჩევნების წინა პერიოდთან დაკავშირებული დარღვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
დეპუტატის განცხადებით, საუბარი ხმის მთვლელი მანქანების გამოყენების შესაძლებლობასაც შეეხო, სადაც მან სტუმრებს ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული ის ხელშეკრულება გააცნო, რომელიც საარჩევნო რეფორმის გატარებას ითვალისწინებდა.
,,ყველა ვხედავთ, რომ საარჩევნო წესთან დაკავშირებული საკითხები ამ ქვეყანაში ნელ-ნელა გვარდება. სამომავლოდ არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანებით, რაც არჩევნების დღის მიმართ არსებულ კითხვებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნება ის პრობლემები, რაც იყო აქამდე, როგორიცაა ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ., რაც კანონით ისედაც აკრძალულია, თუმცა ამ აკრძალვების მიუხედავად ასეთ დარღვევებს ყველა არჩევნებზე და არჩევნების წინა პერიოდში ვხედავთ. ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა და მგონია, რომ პოლიტიკური ნების გარეშე ეს საკითხები ვერ მოგვარდება.
კოდექსის ცვლილებებზე ძირითადად საუბარი შეეხო ელექტრო ხმის მთვლელი მანქანების გამოყენების შესაძლებლობას. კანონში ჩაიწერა, რომ ამომჩევლის მინიმუმ 70% რეგისტრაციასა და ხმის მიცემას ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შეძლებს და მათი ხმების დათვლა და შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მე შევაფასე ეს პოზიტიურად, რადგან თავის დროზე ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს ცვლილებები განხორციელებულიყო. მათ ასევე მოვუყევი პარლამენტში ჩვენი შემოსვლის ისტორია და ის ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე ,,ქართულ ოცნებასთან“ გავაფორმეთ და რომელიც ძირითადად ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმის გატარებას და ავუხსენი, რომ ეს ნაწილიც იმ ჩვენი შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტია, რადგან ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ელექტრო ხმის მთვლელი მოწყობილობები უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო პერიოდში“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.