ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილამდე გადაიდო.
თუმცა, ცნობილი გახდა, რომ შემდგომ პროცესებზე მას დასწრების უფლება ექნება. მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც სხდომებზე დასწრების უფლება აღარ ჰქონდა. ამჯერად კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩამოეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.
პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით გადაცემის შუამდგომლობაც დააყენეს, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღეს. ჩახნაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.
მთავარი ფოტო: Facebook