,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, რასაც კობახიძე იმით ხსნის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგია და მათი ინტერესი ხელისუფლებაში ოლიგარქების დაბრუნებაა.
,,გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი, მათი პირდაპირი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“ _ აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, პარლამენტმა,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს ხმა 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.