,,მაღაზიაში დანა რომ იყიდოს ვინმემ, სახლში მისვლამდე 500 ლარით უნდა დააჯარიმონ? არ მესმის, რას ემსახურება ეს?“ _ ალეკო ელისაშვილი შს მინისტის მოადგილეს
სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დადის სალაშქროდ და ტყეში დანის გარეშე წასვლა როგორ წარმოგიდგენიათ? მაღაზიაში დანას რომ იყიდის ვინმე, სახლში მისვლამდე 500 ლარით უნდა დააჯარიმონ? ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის მოადგილის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,მინდა გითხრათ, რომ სრულ აბსურდად მიმაჩნია ეს რაღაც. მე თვითონ ვარ მოლაშქრე, ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ ზურგჩანთით, კარვით, და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თანდათან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დადის სალაშქროდ და რას ვეუბნებით იმ ხალხს, რომ 500 ლარით დავაჯარიმებთ? ტყეში დანის გარეშე წასვლა როგორ წარმოგიდგენიათ? ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება ეს დანა. დანა რომ იყიდოს ვინმემ და სახლში წავიდეს, გზაში 500 ლარით უნდა დააჯარიმოს? მაღაზიაში დანას რომ იყიდის, სახლში მისვლამდე პოლიციამ რომ გააჩეროს, 500 ლარით უნდა დააჯარიმოს? არ მესმის ეს, სხვა პრევენციაზე ვიფიქროთ. სახლში დანებიც ხომ არ ავკრძალოთ ბარემ? რას ემსახურება, ვერ ვხვდები, დანები ავკრძალოთ საერთოდ?“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა ინიციატივა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება და ცივი იარაღის ტარებიბისთვის ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარი გახდეს. ჯარიმის გამკაცრების მიზეზად იგი ბოლო წლებში ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევების მატებას ასახელებს.
,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები, ბოლო წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების 53%, ხოლო მკვლელობის მცდელობის 32% ჩადენილი იქნა ცივი იარაღის გამოყენებით. საკანონმდებლო ნორმები, რომელიც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ცივი იარაღის ტარების პრევენციას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მძიმე დანაშაულებს. ბატონო თავმჯდომარე და პატივცემულო კოლეგებო, გთავაზობთ, გადაიხედოს ეს საკანონმდებლო რეგულაციები და გამკაცრდეს ცივ იარაღთან დაკავშირებული ნორმები. კერძოდ, გთავაზობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება და ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა ნაცვლად 200 ლარისა გაიზარდოს 500 ლარამდე, ხოლო რაც შეეხება მისი ტარების ნებართვას, დაემატოს იმგვარად ფლობა, როცა შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. დღეს ცივი იარაღით ტარებისთვის ისჯება პირი, რომელსაც დანა სხეულზე აქვს დამაგრებული ან ჯიბით ატარებს, ხოლო თუ ჩანთაში უდევს, მისი დაჯარიმება არ ხდება. როდესაც ჩვენ გავაანალიზეთ მძიმე დანაშაულის შემთხვევები, სწორედ ამ გზით ცდილობდნენ თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისგან. ამიტომ, გთავაზობთ, ცივი იარაღის მუხლი დარჩეს მხოლოდ ერთ ნაწილიანი და იყოს 500 ლარამდე ჯარიმა და შენიშვნაში დაემატოს იმგვარი ფლობა, როდესაც შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. ასევე, უნდა მოხდეს ცივი იარაღის კონფისკაცია, რაც დღეს არ ხდება“ _ განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.