,,გვიბედავენ იმიტომ, რომ ვაბედინებთ, იმიტომ რომ ჰგონიათ, რომ ეს არის მორღვეული ღობე, დაბალი ღობე“ _ ალეკო ელისაშვილი რუსეთის მოქალაქეებზე
ბატონო პრემიერო, მოკიდეთ ხელი და გაყარეთ ეს რუსები, სანამ ქუჩაში ანგარიშსწორებები წავა, რატომ ვაბედინებთ ამდენს? ასე მიმართა ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. დეპუტატმა პრემიერს ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით თბილისში მომხდარი ინციდენტები შეახსენა. მისი თქმით, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და მათზე პასუხისმგებლობაც ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
,,ძალიან მაწუხებს ერთი რამ, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსეთის მოქალაქეები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ, განსაკუთრებით, ყველაზე უღირსი ხალხი, დეზერტირები, რომლებითაც გაივსო საქართველო. მიმაჩნია, რომ ყველა რუსი ერთნაირია, ყველა იმპერიალისტია, არანაირი დემოკრატები მათ შორის არ არსებობენ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგი უფრო ნაკლებად იმპერიალისტია, ზოგი უფრო მეტად. ჩამოვიდნენ, მაგრამ მე არ ვარ ხელისუფლებაში, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც თქვენზეა. იცით ალბათ რაც ხდება თბილისში ბოლო პერიოდში, შუაგულ თბილისში, მარჯანიშვილზე, დღისით და მზისით ერთი რუსი იდგა და მეორე ტელეფონით უღებდა და დედას გვაგინებდა ქართველებს, დააკავეს, მერე გამოუშვა პოლიციამ. კიდევ ერთი რუსი დღისით მზისით კაფეში წიხლით შედგა ქართველ გოგოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი გოგო მას არ ეცეკვა. პოლიციამ დააკავა და შემდეგ რა ბედი ეწია, არ ვიცი. გუშინდელი ამბავი, სიგარეტი თხოვეს ახალგაზრდებს რუსების წყვილმა, ქართველებმა უთხრეს, რუსულად ნუ გველაპარაკებით, სხვა ენაზე გვთხოვეთო და დადგნენ ეს რუსები და ვიდეო ჩაწერეს, სადაც დედას აგინებდნენ პატარა ბავშვებს, ქართველებს, ქართველ გოგოებზე ისეთ საზიზღრობას ამბობდნენ, რომ გაცოფებული ვარ, ვერ დავიძინე მთელი ღამე. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, გაქვთ უფლებამოსილება, მოკიდეთ ხელი და დააბრუნეთ თავის რუსეთში, სანამ თავი არ გაუჩეჩქვეს და სანამ არ დაკლეს შუაგულ ქუჩაში. ლევანი მაფრთხილებს, არ თქვაო, მაგრამ სადმე რომ გადავეყარო, ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდით და ,,Слава Україні” დავიძახე და ,,Слава России”-ო ერთმა მომაძახა და მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. სანამ ასეთი ანგარიშსწორებები ქუჩაში წავა, მოკიდეთ ხელი და ესენი მაინც გაყარეთ, რატომ ვაბედინებთ ამდენს? ვართ თუ არა ჩვენ სახელმწიფო? გვიბედავენ იმიტომ, რომ ვაბედინებთ, იმიტომ რომ ჰგონიათ, რომ ეს არის მორღვეული ღობე, დაბალი ღობე. მინდა, რომ ეს იყოს ღირსეული სახელმწიფო“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დეპუტატმა პრემიერს აფხაზების მიერ დაკავებული ქართველებიც შეახსენა. მისივე თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად.
,,ბატონო პრემიერიო, მინდა თქვენ გკითხოთ, სპეცდანიშნულების რაზმი, ლომებივით ბიჭები გექვემდებარებიან, არ გაწუხებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადის? არ გაწუხებთ, რომ აჩიკო ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან? სოხუმის ციხეში რომ იტანჯება ირაკლი ბებუა, სეპარატისტების დროშა რომ დაწვა და ამის გამო 9 წელი მიუსაჯეს, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭი გამოიხსნათ? ან რას ვაკეთებთ იმისთვის, ახალგაზრდა გოგო, ქრისტინე თალაკანძე ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააკავეს აფხაზებმა... ჩვენ ენის მოჩლექით სულ დებს და ძმებს ვეძახით, მაგრამ ისინი ყველაფერს გვიბედავენ, გალის რაიონში ქართულად ლაპარაკს უკრძალავენ ყველას. თქვენ, როგორც პრემიერი რას აკეთებთ, რომ ეს ხალხი დავაბრუნოთ და თავისუფლები გავხადოთ?“ _ განაცხადა ელისაშვილმა.