,,სასამართლო რეფორმის პაკეტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ქვეყნისა და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების თვალსაზრისით“ _ ლევან იოსელიანი
რაზეც ჩვენ სასამართლოსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელეთ და რაზეც ,,ქართული ოცნება“ იყო თანახმა, რომ გამოესწორებინა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა საკითხებიც სასამართლოში არის მოსაგვარებელი. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
იოსელიანმა 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფებში ზოგიერთი მიმართულებით პოზიტიური შედეგებია. აქვე დეპუტატმა ზოგიერთ სამუშაო ჯგუფში გაწეული საქმიანობა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ, მათ შორის, სასამართლო რეფორმის პაკეტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ქვეყნისა და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების თვალსაზრისით.
,,მინდა ვისაუბრო იმ პროცესზე, რომელიც პარლამენტში მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა, 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას ვინც ვიღებდით, ხან კლოუნებად მოგვნათლეს, ხან მოცლილებად, ხან ,,ქართული ოცნების“ ფასადად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ოპოზიციის ნაწილმა მიიღო, მით უმეტეს, რომ არცერთ ჩვენს პარტნიორს, ვინც საქართველოში ჩამოდის და გვესაუბრება, არ ესმის იმ ხალხის, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ შედეგი და მინდა ამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ერთი მხრიდან ვისმენთ, რომ აპოკალიფსია და უბედურება და არაფერი კეთდება, მეორე მხრიდან კი ვისმენთ, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდის და ყველა პუნქტთან მიმართებაში ყველაფერი ძალიან კარგადაა. მაგრამ, როგორც წესი, სიმართლე სადღაც შუაშია. ეს სიმართლე არის შემდეგი: საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით, ჩვენ მართლა გავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ის პაკეტი, რომელიც დავაინიცირეთ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სწორედ ამ პაკეტს ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, მთავარი იდეა, რის გამოც ძალიან ბევრი გვაკრიტიკებდა, იყო ის, რომ მიგვაჩნდა, რომ საარჩევნო პროცედურების მოწესრიგება და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება იქნება შემობრუნების წერტილი სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატების შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს სულ მცირე მოქალაქეების 70%-ის ხმის მიცემას, გარდა სხვა საკითხებისა, რომელიც დარეგულირდა საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ოპოზიციის მხარდაჭერა ჰქონდა ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების დანერგვის აუცილებლობას სასამართლო პრაქტიკაში, ამ ჯგუფის მუშაობამ ასევე ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. სახალხო დამცველი არის, ჩემი აზრით, ის გამოწვევა, რომელზეც უნდა იქნას კონსესუსი მიღწეული. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. დავაინიცირეთ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის არჩევის წესი გამჭვირვალე გავხადეთ და ყველას ეცოდინება, რომელი დეპუტატი რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამავე დროს მივეცით ყველა კანდიდატს შესაძლებლობა, მოსულიყვნენ პარლამენტში და წარმოედგინათ საკუთარი ხედვები. ყველა კანდიდატი გაიცნო საზოგადოებამ და ვფიქრობ, პარლამენტს აქვს საშუალება, ჩამოიყალიბოს აზრი, თუ რომელი კანდიდატი იმსახურებს მხარდაჭერას და რომელი არა. ეს არის სამუშაო ჯგუფებში გაწეული საქმიანობის პოზიტიური ნაწილი.
ასევე მინდა გითხრათ იმ ნაწილზეც, რომლის მიმართაც მნიშვნელოვანი კრიტიკა გვაქვს ჩვენც და ასევე ჩვენს პარტნიორებს და არასამთავრობო სექტორს. პირველ რიგში ეს ეხება სასამართლო რეფორმის პაკეტს. ვფიქრობ, რომ სასამართლო რეფორმის პაკეტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების თვალსაზრისით. რაზეც ჩვენ სასამართლოსთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელეთ და რაზეც ,,ქართული ოცნება“ იყო თანახმა, რომ გამოესწორებინა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა საკითხებიც სასამართლოში რეალურად არის მოსაგვარებელი. არის უამრავი საკითხი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული პრობლემები, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ., მაგრამ ეს საკითხები მმართველი გუნდის მიერ არ იქნა გათვალისწინებული“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.