სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 200 ლარი გახდება.
,,სოციალური მიმართულებით, მომდევნო წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, თითოეულ ბავშვზე დახმარება იყო 50 ლარი, დაახლოებით ორი წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად, 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.