პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ან სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის შესასწავლად დრო სჭირდება.
,,9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“ _ განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის საშუალება არ მისცა და მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.