პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის კანდიდატებს უყარეს კენჭი, თუმცა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერცერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდა. როგორც პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ,,ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას.
,,სამწუხაროა, რომ ჩავარდა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი და მიმაჩნია, რომ ამაში როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, კონსენსუსის მოძებნა და ვწუხვარ, რომ ეს ასე არ მოხდა. მე ჩემი მხრიდან რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, ხუთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც, რომელთა წარმდგენი ,,ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ არ მოვიდა მათ მხარდასაჭერად, და სხვა კანდიდატებსაც, რომლებზე კონსენსუსის მიღწევაც, ჩემი აზრით, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვერაფერს შევცვლით. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები უფრო მეტ შედეგს მოგვცემს და შევჯერდებით სახალხო დამცველის კანდიდატზე.
ვფიქრობ, ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც წარადგენ კანდიდატს და მერე არ მოდიხარ ხმის მისაცემად. გასაგებია, რომ ფორმალური იქნებოდა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა იყო მნიშვნელოვანი. ასე ჩვენც შეგვეძლო, არ მოვსულიყავით. ვიცოდით, რომ ,,ქართული ოცნება“ ფორმალურად ატარებდა, მაგრამ ის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს, ამას სჭირდება კონკრეტული მოქმედება, მოსვლა და ხმის მიცემა. ძალიან სამწუხაროა ის, რაც გააკეთეს.
იმისთვის, რომ ყოფილიყო სივრცე კანდიდატებისთვის, მგონია რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა ,,ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც, წითელი ხაზებით საუბარმა კი ეს შედეგი გამოიღო. მე ჩემი მხრიდან 5 კანდიდატს დავუჭირე მხარი, ანა აბაშიძეს, იაგო ხვიჩიას, ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას და ქეთევან ჩაჩავას. რეალურად რომ ყოფილიყო კენჭისყრები, ვფიქრობ, ამ ხუთიდან ერთ-ერთს ექნებოდა გასვლის შანსი“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განხილვები და კონსულტაციები იანვარში განახლდება.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარია უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. პარლამენტის მიერ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.