პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მიზნის მიღწევა ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა და პოლიტიკური მიზნები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
,,ჯანმრთელობის მდგომარეობა კავშირში არაა პოლიტიკურ ვაჭრობასთან და პოლიტიკური პოზიციების შეთანხმებასთან, ეს ერთმანეთისგან ძალიან პრინციპულად უნდა გაიმიჯნოს, ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთი და მეორეა რა პოლიტიკური მიზნები აქვს პარტიას. როგორც კი ამ ორი რამის ერთმანეთთან არევა ხდება, ეს ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთი და ვერ მეორე მიზნის მიღწევას. ამიტომაა ამდენი კითხვის ნიშნები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ამიტომაა, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს. მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს ასე ვხედავ, ამ ორი საკითხის ცალ-ცალკე მოგვარებაა საჭირო“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს, მათ თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. მოგვიანებით, ექიმების რეკომენდაციით დავით კირკიტაძემ, აბდულა ისმაილოვმა და თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტეს. დღეს კი ექიმმა ანი წითლიძესთან ვიზიტის შემდეგ მისი მდგომარეობა ,,უკიდურესად მძიმედ“ შეაფასა.