დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს, რაც წინა მმართველობის დროს არ ხდებოდა.
,,პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს. წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“ _ განაცხადა აზარაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს, აზარაშვილის პასუხი იყო, რომ სამხარაულის ბიუროს ამის შესაძლებლობა გააჩნია.