ლევან იოსელიანი 2022 წლის განმავლობაში პარლამენტში ,,მოქალაქეების“ საქმიანობასა და მის შედეგებს აჯამებს
,,2022 წლის მანძილზე პარლამენტში ვმუშაობდით ისეთ საკითხებზე, რაც მოქალაქეების დიდ ნაწილს აწუხებს და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩემი და ალეკოს პარლამენტში შემოსვლის მიზეზი და მიზანი იყო, გარკვეულწილად მოგვარდა. თუმცა არის საკითხები, რომელზე მუშაობაც დაწყებული გვაქვს და ჯერჯერობით შედეგს ვერ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, 2023 წელს ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის უკვე დაწყებულ საკითხებზეც. ჩვენ ვაგრძელებთ მოქალაქეებთან კომუნიკაციას, რათა შევძლოთ კონცენტრირება იმ გამოწვევებზე და მთავარ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“ - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოსახლეობაში არსებული გამოწვევებისა, რომელიც მათ მიერ იყო ინიცირებული, საბოლოოდ მოგვარდა, ზოგიერთ დაწყებულ ინიციატივაზე მუშაობის გაგრძელებას კი ისინი 2023 წელსაც აპირებენ.
იოსელიანი წლის განმავლობაში პარტიის საქმიანობის შეჯამებისას რამდენიმე სოციალურ საკითხს გამოყოფს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირება, რომელზე მუშაობასაც პარტიამ დიდი დრო დაუთმო, შეიქმნა კომისია და საბოლოოდ საკითხი პენსიონერების სასარგებლოდ გადაწყდა. ,,მოქალაქეების“ ინიციატივით 2023 წლიდან საპენსიო სესხი მაქსიმუმ 26%-ში გაიცემა, ნაცვლად 36%-ისა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა სესხი 10%-ით გაიაფდა. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება ძველ სესხებზე. ამასთან დაკავშირებით იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ, რათა შეღავათით იმ პენსიონერებმაც ისარგებლონ, ვინც სესხი ბოლო წლებში აიღო.
,,მოქალაქეები“ აქტიურად მუშაობენ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საჭიროების საკითხის წამოწევაზე. ტურისტების ნაკადის ზრდის, მიგრანტების თუ სხვადასხვა მიზეზით საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების სიჭარბის გამო, ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ფასი, მათ შორის იჯარის გადასახადი საგრძნობლად გაიზარდა, გარდა ამისა, გასაქირავებელი ფართების დიდი დეფიციტიცაა. ამ მიზეზით, რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში დაბინავებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ, რის გამოც ბევრ მათგანს სწავლის შეწყვეტა და უკან დაბრუნება უწევს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით უნდა მოგვარდეს. იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ უნივერსიტეტებმა საკუთარ სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაც შესთავაზონ მისაღები ფასითა და პირობებით, რაც სტუდენტების მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ბინის ძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუმსუბუქებს. იოსელიანის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას 2023 წელსაც აპირებს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარტიის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს, საჰაერო გზავნილებზე განბაჟების გადასახადის ლიმიტის გაზრდაა. ,,მოქალაქეებმა“ დააინიცირეს ცვლილება, რომელიც განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის 700 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. იოსელიანი აღნიშნულ ინიციატივას სამართლიანად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ლიმიტის გაზრდის აუცილებლობა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად, როდესაც 300-ლარიანი ლიმიტი დადგინდა, დოლარის კურსი დაახლოებით 1.66 ლარი იყო, შესაბამისად, ამ თანხით ონლაინ განბაჟების გარეშე გაცილებით მეტი პროდუქციის შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე დღეს არის. იოსელიანის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ონლაინ შოპინგის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ხელოვნურად არ უნდა იბლოკებოდეს მაშინ, როდესაც საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. იოსელიანის თქმით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც იმ მრავალრიცხოვანი მომხმარებლისთვის, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, ისე ამ სფეროში დასაქმებული უამრავი ადამიანისთვის.
,,ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი ჩემს ინიციატივაზე იყო, რომ ევროკავშირშიც ასეა, რომ იმპორტირებული პროდუქტი იბეგრება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი არის 27 ქვეყანა და არ არსებობს პროდუქტი, რომელიც იქ არ იწარმოება, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს შორის პროდუქციის გადაზიდვა კი უფასოა, ევროკავშირისგან განსხვავებით საქართველო უმეტესწილად იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა სამართლიანია და უნდა დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ განბაჟებისთვის დადგენილი 300 ლარი 700 ლარამდე გაიზარდოს“ _ აცხადებს იოსელიანი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა აღინიშნოს, პატრონის მიერ მიტოვებულ ცხოველებთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებაა. იოსელიანის თქმით, ეს არის დიდი გამოწვევა, რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს, ეს პრობლემა კი თვალშისაცემი განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა, როდესაც პატრონებმა შინაური ცხოველების ქუჩაში დატოვება მასიურად დაიწყეს, რის წინააღმდეგაც არ არსებობდა არანაირი ბერკეტი ან ჯარიმა. სწორედ ამ პერიოდში ,,მოქალაქეებმა“ დააინიცირეს ცვლილება, რომელიც მსგავსი ქმედების ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა ძალაში შევიდა. ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს ამ სფეროს, ეს იქნება ზოგადი კანონი კომპანიონი ცხოველების შესახებ, რომლის მომზადებაშიც ,,მოქალაქეები“ ასევე არიან ჩართული.
,,ჩვენ დავაინიცირეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც პატრონის მიერ შინაური ცხოველის მიტოვება იქნება ადმინისტრაციული წესით დასჯადი. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, რადგან ადამიანს საკუთარი შინაური ცხოველის მიმართ უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობა და მობეზრების შემთხვევაში უბრალოდ ქუჩაში არ უნდა ტოვებდნენ მათ, რადგან შემდეგ ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს“ _ აღნიშნავს იოსელიანი.