ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის შეფასებები, რასაც ვისმენთ ძირითადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, საელჩოებისგან. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. ამით იგი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.
იოსელიანის თქმით, ის არ თვლის, რომ პრეზიდენტმა რაიმე კანონი დაარღვია.
,,არ ვთვლი, რომ მან რაიმე კანონი დაარღვია ან ზეწოლა მოახდინა. მე ვფიქრობ, რომ მან გაიმეორა ის შეფასებები, რასაც ვისმენთ ძირითადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, საელჩოებისგან, რასაც ვაწყდებით არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებში, ამაზე მეტი მას არაფერი უთქვამს. ასე რომ, ნაკლებად ველოდები იმას, რომ ამ მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეიძლება რაიმე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საწინააღმდეგო აქციის საპასუხო ბრიფინგი გამართა. აღნიშნულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: ,,მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.
ზურაბიშვილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით განაცხადა: „ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ. მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია“.
მის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილმა უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია და, მათი თქმით, არ არის გამორიცხული ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავაც დაიწყოს.