თუ ედრები ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერ იმ ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტს უნდა მიაღწიო და მერე იფიქრო შეზღუდვების შემოღებაზე. ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ გააკეთა.
მისი განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეები“ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
,,ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ პროექტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ ედრები ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერ იმ ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტს უნდა მიაღწიო და მერე იფიქრო შეზღუდვების შემოღებაზე. და მეორე, სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას დაუჭერს მხარს. ეს რომ ნდომებოდათ, ვფიქრობ, თვითონაც დააინიცირებდნენ. არ ვიცი, რას ემსახურება მათი ეს საკანონმდებლო ინიციატივა, ალბათ გამოჩნდება, თუმცა, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ამ კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნება” _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მოძრაობა ,,ხალხის ძალაში“ განაცხადეს, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება. როგორც მოძრაობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდება.