დღეიდან პენსიონერთა სესხები 10%-ით გაიაფდება - პარტია ,,მოქალაქეების“ ინიციატივა პენსიონერთა სასარგებლოდ გადაწყდა
დღეიდან, 3 იანვრიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი მცირდება. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა საპარლამენტო ჯგუფ ,,მოქალაქეებს“ ეკუთვნის, რომელზე მუშაობასაც პარტიამ დიდი დრო დაუთმო. მათი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი ანალიზი და გამოსავლის ძიება. კომისიის მუშაობაში ინიციატივის ავტორები, ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აქტიურად იყვნენ ჩართული, შედგა არაერთი შეხვედრა მიზნობრივ, შემხებლობში მყოფ სხვადასხვა ჯგუფებთან და ხდებოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მსჯელობა. საბოლოოდ კი საკითხი პენსიონერების სასარგებლოდ გადაწყდა, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება პენსიონერებზე სესხის გაცემისას საპროცენტო განაკვეთის გონივრული ზედა ზღვარი, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს. ხელშეკრულებაში გაწერილი ახალი პირობის თანახმად, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი დღეიდან ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება, ლიბერთი ბანკი 43% და 36%-ში სესხის გაცემას ვეღარ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი მინიმუმ 10%-ით შემცირდა.
,,მე და ალეკომ ამ საკითხზე მუშაობას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ. თქვენ იცით, რომ საპენსიო სესხების პროცენტი იყო ძალიან მაღალი - 36 პროცენტი, რაც პენსიონერების ისედაც რთულ ყოფას კიდევ უფრო აუარესებდა. სესხზე ამხელა პროცენტი სხვა რომელ ქვეყანაშია, მით უფრო პენსიონერებისთვის ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. ეს საკითხი იყო, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და მუშაობა, ჩვენი ძალისხმევით შეიქმნა კომისია, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 2023 წლიდან საპენსიო სესხზე იქნება მაქსიმუმ 26%, ანუ სესხი დაახლოებით 10%-ით გაიაფდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ვრცელდება ძველ სესხებზე. ამასთან დაკავშირებით იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ, რათა შეღავათით იმ პენსიონერებმაც ისარგებლონ, ვინც სესხი ბოლო წლებში აიღო.