ბილ ბრაუდერი წლობით მუშაობდა ,,მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე, ჩვენ კი მხოლოდ კვირები გვაქვს ამისთვის. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სიის შედგენაზე მუშაობა რამდენიმე კვირაა დაწყებულია და ,,ნაციონალური მოძრაობა“ მასში აქტიურად არის ჩართული.
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ღია წერილი, რომელსაც ოპერატიულად გამოეხმაურა ბილ ბრაუდერი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. სააკაშვილი მიმართავს მას – ნუ დაველოდებით ფატალურ შედეგს ახლავე შევადგინოთ სიაო. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე კვირაა უკვე დაწყებულია. ჩვენ ძალიან კარგი იურისტები გვყავს ამ საქმეში ჩართული, ხატია დეკანოიძე და ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობენ უკვე რამდენიმე კვირაა, ყველა კოორდინაციაში ვართ, ვინაიდან მარტივი საქმე არ არის. ბილ ბრაუდერი წლობით მუშაობდა ამ სიის შედგენაზე, ჩვენ კი მხოლოდ კვირები გვაქვს ამისთვის, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ ეს შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ხოლო მაგნიტსკის შემთხვევაში ყველაფერს ბილ ბრაუდერი იწყებდა, რადგან მაგნიტსკი იყო მისი ადვოკატი, იურისტი, რომლის მსოფლიოსთვის გაცნობა მან მოახერხა თავისი აქტიური ჩართულობით. სიის შემადგენლობას დღეს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ,,მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს მიმართა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს, რაზეც მან ბილ ბრაუდერისგან პასუხი მიიღო, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტი, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მოწამვლისა და წამების ფაქტზე და თავად ყველანაირად შეეცდება, რომ ამ საკითხზე დასავლეთის მთავრობების ყურადღება გაამახვილოს.