,,მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს ამ შემთხვევამდე არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიფტები მოსახლეობის საკუთრებაა და მათ გამართულ მუშაობაზეც მოსახლეობა უნდა ზრუნავდეს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სრულად მოიხსნას პასუხისმგებლობა.
იოსელიანი აქვე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ინფორმირებისა და უსაფრთხოების ნაწილში ქალაქის მერია მის წილ ვალდებულებას უნდა ასრულებდეს.
,,ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ ვაზისუბანში, როცა გაუმართავ ლიფტს ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ამბავზე მერიის კომენტარების შემდეგ, მეც ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, თურმე საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლიფტები ეკუთვნის კორპუსებს და მასზე პასუხისმგებელია მოსახლეობა და ის არ ეკუთვნის მერიას. ყველას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ლიფტები არის მერიის საკუთრება და მათ გამართულ მუშაობაზე მერიას აქვს პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, მერია ვალდებული იყო, რომ ეს ინფორმაცია აქამდე მიეტანა ჩვენს მოქალაქეებამდე, რომ თვითონ, ამხანაგობებს დაეწყოთ ამაზე ზრუნვა.
არის მეორე მომენტიც, ლიფტი, ეს არის მომეტებული საფრთხის წყარო, ეს არ არის უბრალოდ რაღაც მოწყობილობა, როდესაც ადამიანები მისით სარგებლობენ, თუ ლიფტი გაუმართავია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგი, როგორიც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დადგა, და იქ ადამიანი არის სრულიად დაუცველი. ამიტომ, ვფიქრობ, მერიასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეხება საქმე. ასე ხელების დაბანა, რომ ეს თქვენი საკითხია და ჩვენ არ გვაინტერესებს, არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად, არ მიმაჩნია, რომ მერია ასე უნდა ელაპარაკებოდეს იმ ადამიანებს, ვისი გადასახადებითაც ის ფუნქციონირებს და მათ, ვინც ბატონ კალაძეს მისცა ხმა. სამწუხაროდ, მერიას სრულიად მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა, თუნდაც უსაფრთხოების ნაწილში, რომ პერიოდულად მოხდეს ლიფტების შემოწმება. ამ ლოგიკით, მაშინ ყველაფერზე შეიძლება სახელმწიფომ დაიბანოს ხელი და თქვას, რომ თქვენ თვითონ მიხედეთ ყველა პრობლემას და ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ეს არ არის ის მიდგომა, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს მერია. გასაგებია, რომ ამხანაგობას აქვს ვალდებულებები, რომ ლიფტებთან მიმართებაში რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ, შეიძინონ, განაახლონ, მაგრამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, ზოგადად, ეკისრება სახელმწიფოს ყველა მიმართულებით, და ამ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მერიას. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ არის დარეგულირებული“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.