,,ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემის მოგვარება, რომ სავარაუდოდ, ეს პრობლემა მას გადაიყოლებს“ _ ლევან იოსელიანი
,,მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების შესახებ ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ახლა ამაზე საუბარი დაგვიანებულია. იოსელიანის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამაზე ორი წლის წინ რომ ესაუბრა, დღეს მას უფრო მყარი პოზიციები და საზოგადოების მეტი მხარდაჭერაც ექნებოდა.
,,რაზეც გუშინ ნიკა მელიამ ისაუბრა, ამის შესახებ მას ორი წლის წინ რომ ესაუბრა, დღეს ამ პრობლემის წინაშე არ დადგებოდა, რომლის წინაშეც დადგა. პოლიტიკა ძალიან ჰგავს მედიცინას, თუ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებას დიდი ხნით გადაავადებ, მან შეიძლება საბოლოოდ გადაგიყოლოს კიდეც. ჩემი აზრით, ამ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა ეს პრობლემა, რომელიც მათ შიდა პარტიაში ჰქონდათ, რომ სავარაუდოდ ეს პრობლემა მას გადაიყოლებს.
მას რომ ამის შესახებ 2020 წელს გაეკეთებინა განცხადება და ეს ადამიანები ემხილა, ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, გლდანში მას უპირისპირდებოდნენ, ,,ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებდნენ, მაშინ დღეს მას უფრო მყარი პოზიციები და საზოგადოების მეტი მხარდაჭერაც ექნებოდა. ორი წლის მერე ამაზე საუბარი, როდესაც მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია, დაგვიანებულია“ _ აცხადებს იოსელიანი.
ლევან იოსელიანი ვანო მერაბიშვილის გააქტიურებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეების დაბრუნება, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, პარტიას მომხრეებს დააკარგვინებს.
,,ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, მის გააქტიურებას დადებითად ვაფასებ, ამის გამო კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი მისცემს ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას და საზოგადოებაში, მათ შორის მომხრეებშიც ამ პარტიას დაუვარდება რეიტინგი, რადგან საზოგადოებას მათი იმედი ჰქონდა, ვინც აპირებდა რაღაც განახლება შემოეტანა და პარტია ახალ რელსებზე გადაეყვანა. თუ უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანაში უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ მგონია, რომ საკუთარი მომხრეებიც ამ პარტიას ძალიან აქტიურად მიატოვებენ“ _ აღნიშნავს იოსელიანი.
,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან მისი დაპირისპირება 2020 წელს დაიწყო, როდესაც მელია საერთო ოპოზიციურ კანდიდატად გლდანში კენჭს იყრიდა. როგორც მელია აცხადებს, საარჩევნო კამპანიის პროცესში მან აღმოაჩინა, რომ მას არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ვანო მერაბიშვილიც უპირისპირდებოდა. მელიას თქმით, მერაბიშვილი მისი საარჩევნო შტაბის დაშლას ცდილობდა.