უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბარიც კი უხერხულია. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია, რომ უკრაინაში ბრძოლის გამო ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვას.
იოსელიანის თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები არა მარტო უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც იბრძვიან.
,,მე არ ვიცი ჯერ ფაქტი, უკრაინაში ბრძოლის გამო ვინმეს მოქალაქეობა ჩამორთმეოდეს. ერთი საკითხია, რომ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, რომ ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ არის მეორე საკითხი, მაგალითად, როდესაც ჩვენი მოქალაქეები მიდიოდნენ სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებსა და დაჯგუფებებში, მაგალითად სირიაში და სხვა. მათთან მიმართებაში ეს შეიძლება სხვაგვარად იყოს დარეგულირებული, რადგან ეს სხვა ამბავია. თუმცა, რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს, ჩემი გადმოსახედიდან, ისინი იბრძვიან არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ამიტომ, ვთვლი, რომ ამაზე საუბარიც კი უხერხულია და როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს საუბარი წამოიწყო, ძალიან სამართლიანი რეაქცია მიიღო საზოგადოებისგან და ვფიქრობ, ამიტომაც შეწყვიტა მალევე ამაზე საუბარი“ _ აცხადებს იოსელიანი.