,,ქართულ ოცნებაშიც“ არიან გენერლები, ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან გენერლები, ორივე მხარეს არიან გენშტაბის ყოფილი უფროსები, ორივე მხარეს არიან ნაომარი ბიჭები. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. დეპუტატი აცხადებს, რომ ვეტერანთა კოდექსზე სამუშაო ჯგუფს შექმნის და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ამ ჯგუფში ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.
ელისაშვილის განცხადებით, ვეტერანები ქვეყნისთვის თავგანწირვის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან საპასუხო დამოკიდებულებას იმსახურებენ.
,,არ არსებობს თავმოყვარე სახელმწიფო, სადაც ვეტერანებს არ აფასებენ, ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ვეტერანებს ხელისგულზე არ ატარებენ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, შიდა ფრენით მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავში ორი სამხედრო ბიჭი ამოვიდა, უნდა გენახათ რა ხდებოდა, ყველა ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა, საჭმლის ან სასმელის ჩამოტარებისას პირველი აუცილებლად იმ ბიჭებთან მიჰქონდათ, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება. მაშინ როცა ჩვენთან ლამის ჯვარს ვაცვით და ისე გავრიყეთ ადამიანი, სანამ დანაშაული არ ჩაიდინა. ნაომარ ადამიანებს სხვაგვარი დამოკიდებულება სჭირდებათ, ნაომარი ადამიანი ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა გრძნობდეს სახელმწიფოსგან საპასუხო დამოკიდებულებას. 90-იანები რომ დაიწყო, ბიჭებმა ომში ბრძოლა არ იცოდნენ და ორლულიანი თოფებით სამშობლოს სიყვარულით წავიდნენ, იქ ელემენტარული შეცდომების გამო ძალიან ბევრი დაიღუპა. მაგრამ ვინც გადარჩა, ისინი არ უნდა დავაფასოთ? ვინც ახლა უკრაინაში იბრძვიან, ისინი არ უნდა დავაფასოთ? შეიძლება, რომ ფინანსთა სამინისტროს სპეცრაზმის ბიჭებს აწუწუნებდეს სახელმწიფო, შენ ვეტერანი არ ხარო, მაშინ როცა მათ თავი გადადეს და სამაჩაბლოში იბრძოდნენ? ასევე, იუსტიციის სამინისტროს ბიჭები თუ სხვები. ეს ხარვეზები ხომ გამოსასწორებელია? მე ახლა, მაგალითად, ვეტერანთა დეპარტამენტთან მაქვს მიმოწერა, რომ ჩანაწერი შევცვალოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიჭებზეც გავრცელდეს ვეტერანის სტატუსი. ცალ-ცალკე რომ არ ვაგვაროთ და მერიებს რომ არ ვუთანხმოთ, ეს ერთობლივად უნდა გაკეთდეს და ამ ერთობლივ დოკუმენტს უნდა ერქვას ,,ვეტერანთა კოდექსი“ და მინდა, რომ ყველა იყოს ამ პროცესის მონაწილე, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროცესი, აქ მაინც უნდა დავამარცხოთ და გვერდზე გავწიოთ პოლარიზება, რადგან ,,ქართულ ოცნებაშიც“ არიან გენერლები, ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან გენერლები, ორივე მხარეს არიან გენშტაბის ყოფილი უფროსები, ორივე მხარეს არიან ნაომარი ბიჭები. სწორედ ამიტომ, არის საკითხები, სადაც უნდა შევძლოთ, ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ, მერე დაინახავს საზოგადოება, ვინ მუშაობს რეალურად და ვინ არა“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
,,მოქალაქეები“ ვეტერანთა კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში არსებული კანონები და ნორმატიული დოკუმენტები გაფანტული და ქაოტურია, ამიტომ ის ერთ სამართლებრივ ჩარჩოში თავმოყრას საჭიროებს.