100 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მიმართ განხორციელებულ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და ქართული ოცნების დეპუტატი ხატია წილოსანი.
რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები“ ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული და რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია. ასამბლეა ერთსულოვნად მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.
ევროპის საბჭოს ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს. ქართული დელეგაცია ზამთრის სესიაში აქტიურ მონაწილეობა იღებს.