,,ვეტერანები იმსახურებენ, რომ მათთვის ცალკე კანონთა კრებული არსებობდეს“ _ ალეკო ელისაშვილი
,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვეტერანთა კოდექსზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. ვეტერანთა კოდექსის შექმნის ინიციატივა ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის. როგორც იგი განმარტავს, ვეტერანებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები სხვადასხვა კანონებსა და ნორმატიულ აქტებშია გაფანტული, ვეტერანთა კოდექსი კი ამ ყველაფრის ერთ სამართლებრივ დოკუმენტში თავმოყრას უზრუნველყოფს.
ელისაშვილის თქმით, ვეტერანები იმსახურებენ, რომ მათთვის ცალკე კანონთა კრებული არსებობდეს.
,,მინდოდა ყველასთვის მომეწოდებინა, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის“ ისე ოპოზიციისთვის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი კვლავ სეზონური ბოიკოტის რეჟიმშია, გაუგონარ და ჩემთვის აუხსნელ ძალისხმევას მიმართავს ხოლმე. მე თუ მკითხავთ, მუშაობა ეზარება ზოგიერთს და ბოიკოტს ამას ეძახის. ხელფასს იღებ, არ დადიხარ - გადასარევი სამსახურია ამ მხრივ პარლამენტი. არქმევ ბოიკოტს და იყავი სახლში, უყურე ტელევიზორს იქიდან. მაგრამ ეს იქით იყოს.
ჩემი აზრით კარგი და ცუდი სახელმწიფოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის დამსახურებულ ადამიანებს და ასეთ ადამიანებად, პირველ რიგში ყველა სხვასთან ბოდიში, მაგრამ ნაომარი ხალხი, ვეტერანები მიმაჩნია. მე მქონდა ინიციატივა და ახლა ვინც ხართ დარბაზში ყველას მოგიწოდებთ, ვეტერანები, ეს დამსახურებული ხალხი იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული, რომელსაც ძალიან კონკრეტული სახელი ერქმევა ,,ვეტერანთა კოდექსი“, სადაც იქნება როგორც სამართლებრივი ნაწილი გამართული და ჩამოყალიბებული და არ იქნება ისე, როგორც დღეს არის გაფანტული მილიონ კანონში და ნორმატიულ აქტში ვეტერანებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. და მეორე ჯანდაცვის იქნება, სოციალური პაკეტები თუ სხვა, იქნება აქ თავმოყრილი და ეს გაცილებით უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სახელმწიფოსაც და წარმოაჩენს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ სახელმწიფოს საკუთარი დამსახურებული ხალხისადმი, ნაომარი ვეტერანებისადმი. ამდენად, ყველას მოგიწოდებთ, რომ სამუშაო ჯგუფს შემოუერთდეთ და ერთად შევქმნათ ვეტერანებისთვის უკეთესი კოდექსი“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.