,,სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ოპონენტების მხრიდან მისი მდგომარეობის პოლიტიკურად გამოყენება უნდა დასრულდეს“ _ ლევან იოსელიანი
მიხეილ სააკაშვილის პარტიის, მხარდამჭერებისა და ოპონენტების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკურად გამოყენება უნდა დასრულდეს და ამით საქართველომ არ იზარალოს ყველაზე მთავარი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ის პირველი დღიდან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
,,გადავხედე რეზოლუციების შინაარსს. ისინი მეტ-ნაკლებად ერთი შინაარსის მატარებელია, ზოგი უფრო მკვეთრია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ხუთი რეზოლუცია დაინიცირებულია არა ერთი, ორი ან ხუთი, არამედ 50-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიერ. სავარაუდოდ, ამ ხუთიდან ერთ-ერთი რეზოლუცია იქნება მიღებული და მხარდაჭერილი, გამიჭირდება თქმა, რომელი. ვფიქრობ, ამ რეზოლუციების მთავარი გზავნილი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის. პირველი დღიდან ამ საკითხზე მეც ანალოგიური პოზიცია მაქვს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება იმკურნალოს იქ, სადაც მას სთავაზობენ. მისი პარტიის, მხარდამჭერებისა და ოპონენტების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკურად გამოყენება უნდა დასრულდეს და ამით საქართველომ არ იზარალოს ყველაზე მთავარი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს საბოლოო ჯამში ჩვენ გვაშორებს, პრობლემას გვიქმნის იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც, ჩემი აზრით, ყველას მიზანია ამ ქვეყანაში“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა რომ საკმარისად დამაჯერებელი იყოს მისი მომხრეების ჯანსაღი რეაქცია პროტესტი იქნებოდა.
,,საზოგადოებას ამ კადრების ნახვის შემდეგ რომ სჯეროდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, როგორც მისი ოჯახის წევრები და მომხრეები აცხადებენ, მაშინ ვფიქრობ, საზოგადოებას ექნებოდა ჯანსაღი რეაქცია, გამოვიდოდა და გააპროტესტებდა ამ ყველაფერს. ამიტომ მგონია, რომ ეს არ არის დამაჯერებელი უმრავლესობისთვის, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვნახავდით ხალხმრავალ გამოსვლებს ქუჩაში. ვინც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ამ ადამიანს ჰყავს ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი და ამ მხარდამჭერების 10% მაინც ხომ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ეს რომ მათთვის დამაჯერებელი იყოს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ, მათ შორის ევროპარლამენტში ვხედავთ რეზოლუციას. ჩვენ ვნახეთ გადახდილი თანხაც მისი ოჯახის მხრიდან, რომელიც ამ კამპანიას ემსახურება. მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგან ეს ადამიანი ამდენი ხანი აცხადებს, რომ მას საქართველოში არ უტარდება ის მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, მას მიეცეს საშუალება თავისი ჯანმრთელობის გამოსწორების და მკურნალობის სხვა ქვეყანაში“ _ აცხადებს იოსელიანი.