რუსეთი მის მიერ გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის მიმართ ნდობა, მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ომმა ახალი, თავდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა.
,,ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი ერთბოლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევით და უგულებელყოფით. ერთი წელია, უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.
ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო, რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა, მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება – არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება, არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით.
რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს არანახული ერთობა, რომელსაც ვერც ენერგოშანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა, ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თავდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“ _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.