,,ეს ქვეყანა აღარ გახდება რუსეთი!" - ალეკო ელისაშვილი ,,ქართულ ოცნებას"
მოდი, ალალად გვითხარით, რომ გინდათ რუსეთი, მოდი პატიოსნად გვითხარით, რომ ხო, გვინდა, რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა. ამ სიტყვებით მიმართა ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ,,უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას უკარგავს, რადგან ცდილობენ მიიღოს ისეთი კანონი, რომელსაც არც ევროკავშირი და არც შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს.
,,ყველა ვხედავთ დღესაც როგორ უჭირს ქვეყანას, იმ განცდით შემოვედი პარლამენტში, ვფიქრობდი, რომ რაღაცას გავაკეთებდი, აქ ბევრი ბერკეტი გვაქვს ამისთვის. ამ წუთას წავიდეთ და გაჩვენებთ, ხალხი რა მდგომარეობაში ქუჩაში, ტალახში, ქარში, წვიმაში ღამეებს ათენებენ ლუკმის საშოვნელად. ოცნების დეპუტატების ჯიპებიდან თუ არ ჩანს, შემიძლია მე გაგიყვანოთ ქუჩებში და გაჩვენოთ ხალხს როგორ უჭირს, დაგანახოთ რა სადარდებელი აქვთ. არაფერს ვაჭარბებ, ხალხს, რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს შრომაში ხუთი ლარისთვის. და ეს ხალხი ჩვენ შემოგვყურებს, იქნებ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაც გავაკეთოთ. სხვა პრობლემა არ იყო ამ ქვეყანაში, ეს რაღაც დავი-დარაბა რომ არ შემოგეტანათ? არასამთავრობო ორგანიზაციები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს. თბილისის ამქრის თავმჯდომარე ვიყავი, ხომ კარგად გიხაროდათ, გუდიაშვილი რომ კარგად გაკეთდა? აგენტები ვიყავით ჩვენ და ჯაშუშები? რატომ აკეთებთ ამას? სხვა პრობლემა არ არის ქვეყანაში? თან ჩვენი მეგობრები რომ გვეუბნებიან, რომლებსაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცვნიათ, იმათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, ამერიკის საელჩოების ეშინიათ, ყველას უთხრა, რომ არ გაბედოთო. ეს ხალხი ახლაც გვეუბნება, ნუ აკეთებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი ერთში გააკეთა პუტინმა, ერთი ერთში გააკეთა რუსეთმა. ეს ხალხი გვეუბნება, გინდათ ჩვენთან? მაშინ ნუ აკეთებთ ამას. ის გაჭირვებული ხალხი, ქუჩაში რომ არიან ტალახში და წვიმაში იმაზე ფიქრობენ, რომ ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ ამათ, ესღა დარჩაო, ამაზე ფიქრობენ?
ყველა გირჩევს, რომ ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხართ გვეუბნებიან, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა, ხო იცი ძალიან კარგად რაზეც ვლაპარაკობ და მაინც ამას რატომ აკეთებთ? მოდი, ალალად გვითხარით, რომ გინდათ რუსეთი, მოდი პატიოსნად გვითხარით, რომ ხო, გვინდა, რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა. რატო აკეთებთ ამას? მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი? ევროპერსპექტივას უკლავთ ქვეყანას, მაშინ თქვი ალალად, რომ ხო, მინდა, რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა და უფრო პატიოსანი კაცი იქნები. არ გახდება რუსეთი ეს ქვეყანა, ეს არის საქართველო და აღარ გახდება რუსეთი!“ _ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.