სახალხო დამცველმა აქციის დროს დაკავებულები მოინახულა. ლევან იოსელიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანებები აღენიშნება.
ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულებს შორის ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აქვს.
,,მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება, 25 ადამიანი. ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი და მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც მოხდა დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება გარეგნული დაზიანებები.
მოვინახულე, რა თქმა უნდა, ასევე ზურა ჯაფარიძე. მასაც აღენიშნება გარეგნული დაზიანება. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ექიმმა მოინახულა ისინი და გაიარეს კონსულტაცია. რამდენიმე მათგანი გაურკვეველ პირობებში იყო დაკავებული მოულოდნელად, ვინაიდან, როგორც თავად თქვეს, კავშირი არ ჰქონდათ აქციასთან, ერთი მათგანი საერთოდ გამვლელი იყო. ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანებები ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, თუმცა ამაზე ალბათ ექიმები შესაბამის დასკვნას დაწერენ.
პირადად ვესაუბრე ზურა ჯაფარიძეს მისი დაკავების დეტალებზე, მან ასევე მისცა ჩვენება. დაკავების პროცესში, როგორც თავად აცხადებს, ხელკეტი მოხვდა სპეციალური დანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან. ჩვენ გავაგზავნეთ ეს ინფორმაცია, დაიწყო ამასთან დაკავშირებით გამოძიება. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ყველა მათგანს პირადად გავესაუბრე, ყველა დაკავებულმა აღწერა, რა გარემოებებში მოხდა დაკავება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც აქციასთან საერთოდ კავშირში არ ყოფილან“ _ აცხადებს სახალხო დამცველი.