მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც მან mediachecker-თან ინტერვიუში განაცხადა, არხის ღიად გაცხადებული პროსამთავრობო საინფორმაციო პოლიტიკა მისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, ტელეკომპანია ,,იმედის“ პოზიციები ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის საგარეო კურსისთვის გარკვეული რისკების მატარებელია.
,,ჩემთვის მიუღებელია პროცესები, რაც ერთი მხრივ, თან ახლავს ამ კანონპროექტების დამტკიცებას, და მეორე მხრივ, ის, რა საფრთხეების წინაშეც გვაყენებს ამ კანონპროექტების შინაარსი. მიუღებელია, რომ რეალურად, დღეს, სახელმწიფო უხვევს დასავლურ კურსს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანს. და ის, რომ ეს რუსული კანონია, ჩანს არამხოლოდ შინაარსში, არამედ იმ გამოცდილებაშიც, რაც რუსეთის მაგალითის სახით გვაქვს და ამის არ დანახვა უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა“ _ აცხადებს მსახიობი.
კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და "დილის შოუ" და "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიჰყავდა.